რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შემთხვევაში "მკაცრი პასუხით" იმუქრება. რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინა დგას და დაამატა, რომ "ასეთი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება" შეუძლებელია.
"თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს", - თქვა პუტინმა.
უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.
სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.